ქუთაისში 1989 წლის, 9 აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სასულიერო პირებმა დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

,,საქართველო ბევრჯერ იყო დიდი განსაცდელის წინაშე და სწორედ ასეთი ადამიანების გმირობამ, რომელთაც დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მოიტანა აქამდე, ისეთი როგორიც არის. იმ თაობამ ჩვენ დაგვიტოვა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენი ვალია, ჩვენს მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ მშვიდი და წარმატებული ქვეყანა”, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

ხახალეიშვილის თქმით, საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას.

” 9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის დღეა საქართველოსთვის. სიამაყით და სევდით აღვნიშნავთ ამ დღეს, ვიხსენებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს დამოუკიდებლობა და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. მადლიერი ვართ ყველა იმ ადამიანის, რომელთა თავდადებამ და ერთსულოვნებამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის მომავალი და გაკვალა გზა თავისუფლებისკენ. საქართველო არასდროს დათმობს თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას!”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში 1989 წლის, 9 აპრილის მოვლენების ამსახველი გამოფენა გაიმართა. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში მიაგეს პატივი. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები