ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,დარისპანის გასაჭირის” პრემიერა გაიმართა
გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა სპექტაკლ „დარისპანის გასაჭირის“ პრემიერას უმასპინძლა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური და საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
,,სპექტაკლი დენ ჯოხაძის სადოქტორო ნამუშევარია. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დენ ჯოხაძის კვლევის თემაა „თეატრი ალტერნატიულ სივრცეში“. ამის გათვალისწინებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა „დარისპანის გასაჭირი“ ეთნოგრაფიული მუზეუმის ერთ-ერთი ოდასახლის წინ ითამაშეს.
აღსანიშნავია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პრემიერის შემდეგ დენ ჯოხაძის ეს სპექტაკლი საგასტროლოდ იმერეთში, სოფელ სიმონეთში გაემგზავრება და დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გათამაშდება. სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა ასევე ექნება მაყურებელს ბათუმში, სენაკში, მცხეთაში, თელავსა და სიღნაღში.
გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენა 5 და 6 აპრილსაც გაიმართა”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.