კულტურის სამინისტრო ოზურგეთის თეატრს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს. პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ერთობლივი ნამუშევრის – სპექტაკლ „ცისკრის“ პრემიერა გაიმართა. საპრემიერო წარმოდგენები Theatro Circo-ში გაიმართა. „ცისკარი“ რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია. დადგმის ხელმძღვანელია ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე.
„ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი თოჯინური და ცოცხალი შესრულების სინთეზია და ჩანაწერებზე დაყრდნობით ყველასათვის საყვარელი, გამორჩეული ჰუმანისტი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გვიყვება.
აღსანიშნავია, რომ ,,ცისკარი“ მთელი წლის განმავლობაში პორტუგალიის სხვადასხვა ქალაქში დაიდგმება.
2 მაისს სპექტაკლს უჩვენებენ პორტუგალიის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელშიც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი შარშანაც მონაწილეობდა.
„ცისკარს“ მაყურებელი ნახავს ასევე საერთაშორისო წარმოდგენაზე – MIT MOSTRA INTERNATIONAL DE TEATRO/CAMINHOS SEM FRONTEIRAS.
2021 წლის 5-7 ნოემბერს პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ETA-ს – ევრაზიის თეატრალური ასოციაციის ხელშეწყობით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრსა და ქ. ბრაგის თეატრალურ კომპანიას შორის.
მემორანდუმი გულისხმობს მხარეების მიერ ორი ერთობლივი პროექტის განხორციელებას. ერთ-ერთი პროექტი სწორედ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, 2024 წელს კი ETA-ს წარმომადგენელი, რეჟისორი რუი მადეირა საქართველოში დადგამს არისტოფანეს პიესას – „ფრინველები“, რომლის პრემიერა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 2024 წლის 25 აპრილს გაიმართება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.