გრიგოლ ლილუაშვილი: არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს – უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ, არაჩვეულებრივი ქვეყანაა
“არ მგონია, სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ – არაჩვეულებრივი ქვეყანაა. კარგი დემოკრატიის ქვეყანაა”, – ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ქართველი მოსამართლეების სანქცირების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პოზიციას იზიარებს.
“ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას”,- აღნიშნა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს წერილით მიმართა.
დარჩიაშვილის თქმით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა.