ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის მენეჯერის მოადგილედ ტიერი ბერიშვილი დაინიშნა
სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ მუზეუმთა ჯგუფს (შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი) ახალი მუზეუმი შეემატა, რომელიც საფრანგეთში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი ეწოდა. მოცემული ცვლილების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება 2023 წლის 8 მარტს გამოიცა.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის მენეჯერის მოადგილედ დაინიშნა ტიერი ბერიშვილი, რომელიც საქმიანობას 2023 წლის 1 ივნისიდან შეუდგება.
ტიერი ბერიშვილი არის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული ცენტრის – ლევილის ქართული აკადემიის მმართველი საბჭოს წევრი და მამია და ქრისტინე ბერიშვილების – ლევილში ქართული ემიგრაციის ღირსეული წარმომადგენლების შვილი. მან უერთგულა მშობლების გზას ლევილის მამულის შენარჩუნების საქმეში და მონაწილეობდა ყველა მოლაპარაკებაში, რომელთა საფუძველზეც, საბოლოოდ, 2016 წლის 23 სექტემბერს, ხელი მოეწერა ლევილის შატოსა და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის აქტს. გარდა ამისა, ტიერი ბერიშვილი არის ასოციაცია „გაუმარჯოს საქართველოს“ (საფრანგეთი) პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ ემიგრაციული მთავრობისა და ლევილის მამულის არქივის საქართველოში დაბრუნების პროცესი სწორედ მამია ბერიშვილის სახელს უკავშირდება, საქმე კი ბოლომდე ტიერი ბერიშვილმა მიიყვანა, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ არქივს ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მდიდარი კოლექცია გადასცა.
ტიერი ბერიშვილი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ლევილის მამულში 2021 წლიდან მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. ტიერი ბერიშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლევილის მამულის აღორძინების საქმეში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.