კულტურის სამინისტრო საბა ასლამაზიშვილს ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ახალგაზრდა თაობის რეჟისორი, საბა ასლამაზიშვილი დაინიშნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი ამ პოზიციას ოთხი წლით მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან დაიკავებს. ამის შესახებ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.
საბა ასლამაზიშვილი 2013-2017 წლებში სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (თეატრალური ხელოვნების პროგრამა; დრამის რეჟისურა); 2018-2021 წლებში კი – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან სტუდენტობის პერიოდში დადგა სპექტაკლები: „მსახიობები, რომლებსაც ვერ ხედავენ“, ნაწყვეტი პიესიდან „ოიდიპოს მეფე“, „მეტამორფოზები“ ოვიდიუს ნაზონის მიხედვით, სამუელ ბეკეტის „პირველი სიყვარული“ და ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“.
საბა ასლამაზიშვილი არის დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ დამფუძნებელი.
2018 წლიდან დღემდე თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო თეატრებში საბა ასლამაზიშვილის რეჟისორობით დაიდგა არაერთი სპექტაკლი, კერძოდ: უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ილიაუნის თეატრი), ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“ (თავისუფალი თეატრი), დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი) და „ირინეს ბედნიერება“ (მესხეთის სახელმწიფო თეატრი), დათა თავაძის „დედაომი“ (ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი), ანა-მარია გურგენიშვილის „ბიოციდი“, მოლიერის „დონ ჟუანი“ (დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია „ხვლიკი“, დაიდგა თბილისის ცირკში) და სხვა.
საბა ასლამაზიშვილი 2019 წელს გახდა პრემიების – „წინანდლისა“ და „დურუჯის“ ნომინანტი სპექტაკლით „მარატ/სადი“ (ილიაუნის თეატრი). ამავე სპექტაკლისთვის 2021 წელს დაჯილდოვდა „ვერცხლის ქოლგითა“ და ახალგაზრდა რეჟისორისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზით ტაშკენტის საერთაშორისო ახალგაზრდულ თეატრალურ ფორუმზე. არის 2020 წლის ციფრული თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული ნომინაციაში „მაყურებლის ხმა“ სპექტაკლით „უბედურება“. 2021 წელს მიიღო შალვა (მუმუშა) გაწერელიას სახელობის ჯილდო სპექტაკლისთვის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა თეატრი). 2023 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების დაჯილდოებაზე მიიღო გრან-პრი სპექტაკლისთვის „ირინეს ბედნიერება“.
„კულტურის სამინისტრომ საბა ასლამაზიშვილი 2023 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით დაფუძნებული „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მოიწვია.
ინფორმაციისთვის: კონკურსი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე თავდაპირველად 2022 წლის 17 ოქტომბერს გამოცხადდა. თუმცა, კონკურსის შედეგად, სამინისტროსთან არსებულმა პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევმა სარეკომენდაციო საბჭომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს დასანიშნად არ წარუდგინა სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატი. 2023 წლის 23 იანვარს კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულების თანახმად, სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს სამინისტრო, ხოლო კანდიდატთა შესარჩევი საკონკურსო პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. ამასთანავე, სამინისტრო შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს სამ კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია გადაეცემა სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.
სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, კანდიდატის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში მინისტრს გაუგზავნოს თავისი რეკომენდაცია“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები