„ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“ – აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება
7 აპრილს, 18:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზი აუდიოალბომის – „ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“ წარდგენას უმასპინძლებს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია „ნანინას“ წევრი, ეთნომუსიკოლოგი ვიქტორია სამსონაძე; კოორდინატორი – ჯგუფ „ნანინას“ დირექტორი, ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანი.
აუდიოალბომი ჩაიწერა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხმის ჩამწერ სტუდიაში და გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
„აუდიოალბომის მთავარი იდეა მუსიკალური ტრადიციების დასაცავად თაობათა გაერთიანებაა. ოჯახური მუსიცირება ხომ ქართული მუსიკალური ფოლკლორის გადარჩენის და შენახვის საუკეთესო გზაა. „ნანინას“ დიდი და მომღერალი ოჯახი კი ამ ტრადიციის გაგრძელების გარანტია.
ამგვარად საზოგადოებისთვის ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ თითოეული ჩვენგანი, საკუთარი ოჯახით, ერთი დიდი ოჯახის ნაწილია; ჩვენ ერთად ვმღერით, სიყვარულით ვაძლიერებთ ერთმანეთს და ვიცავთ მამაპაპისეულ ტრადიციებს.
აუდიოალბომზე მუშაობა პანდემიის დროს დავიწყეთ, ამიტომ საოჯახო ნომრები სახლის პირობებში, ცალკეულ ხმებად ჩავწერეთ; შემდეგ, სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში ჩაწერილი ხმები პროგრამულად გავაერთიანეთ, რამაც საშუალება მოგვცა, მანძილის მიუხედავად, მაინც ერთად გვემღერა!
ალბომში შევიდა თეა კასაბურის, ვიქტორია სამსონაძის, მაია გელაშვილის, მაკა ხარძიანის, ქეთევან ბანცაძის, ანა ყელბერაშვილის, ნატალია ჩაკვეტაძის, ნინო თუშიშვილის, სოფიკო კოტრიკაძის, სალომე კაკაბაძის საოჯახო ნომრები, ანსამბლ „ნანინას“ და „ნანინას“ დიდი ოჯახის მიერ შესრულებული სიმღერები.
„ნანინას“ დიდი ოჯახი – ამღერებული შთამომავლობა“ დისტანციური მეთოდით ჩაწერილი აუდიოალბომის პირველი პრეცედენტია ქართულ მუსიკალურ-ფოლკლორულ აუდიოსივრცეში“, – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.