ფილარმონიაში „სუხიშვილების“ დასკვნითი კონცერტი გაიმართა
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“, კონცერტების სერიის დასკვნითი საღამო გაიმართა, რომელიც დიდი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეს მიეძღვნა (4 აპრილს დიდი ხელოვანის დაბადებიდან 116 წელი გავიდა). ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
„ოთხი დღის განმავლობაში ანსამბლმა წარმოადგინა რეპერტუარის როგორც ტრადიციული, ისე ახალი ქორეოგრაფიული ნიმუშები. კონცერტებში მონაწილეობდა დასის მთელი შემადგენლობა და ანსამბლის მუსიკოსები.
ილიკო სუხიშვილმა 1945 წელს, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა. ეს იყო პირველი პროფესიული სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი საქართველოში.
ილიკო სუხიშვილი 50 წელზე მეტხანს ემსახურა ქართული ქორეოგრაფიის აღორძინების საქმეს. ქართული ხალხური ცეკვის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის მას მრავალი საპატიო წოდება მიენიჭა და არაერთი ჯილდო გადაეცა.
ილიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს უდიდესი ღვაწლი აქვთ ქართული კულტურის წინაშე.
დღეს ქართულ ნაციონალურ ბალეტს სუხიშვილების ოჯახის მესამე თაობა ხელმძღვანელობს. ანსამბლის გენერალური და აღმასრულებელი დირექტორია ნინო სუხიშვილი, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი – ილიკო სუხიშვილი (უმცროსი).
ანსამბლმა 500-ზე მეტი გასტროლით მოიარა ხუთივე კონტინენტი და 90-ზე მეტ ქვეყანაში გამართა 10 000-ზე მეტი კონცერტი, რომლებსაც 50 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ქართული ნაციონალური ბალეტის ორსაათიანი პროგრამა მოგვითხრობს ქართველი ხალხის მებრძოლი სულისა და გმირობის შესახებ. წარმოდგენა გამდიდრებულია ზღაპრული კოსტიუმებით.
აღსანიშნავია, რომ კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სუხიშვილების სახელმწიფო აკადემიურ დასს შარშან საჩუქრად გადასცა სპეციალურად დამზადებული ტრადიციული სასცენო სამოსი, წელს კი ანსამბლს გაეზარდა ბიუჯეტი. სამინისტრო განაგრძობს ქართული ფოლკლორის ხელშეწყობას სახელმწიფო და სხვა ანსამბლების გაძლიერების გზით“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.