„სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ – კონკურსი გამოცხადდა

სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, აცხადებს კონკურსს – „სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

კონკურსის მიზანია:

 საქართველოს რეგიონებში სალიტერატურო პროცესების გააქტიურება და პოპულარიზაცია;
საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა;
რეგიონული ლიტერატურული ჟურნალების საქმიანობის ხელშეწყობა;
თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა;

საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

პერიოდული გამოცემა უნდა ემსახურებოდეს სხვადასხვა თაობისა და გემოვნების მკითხველს, რაც უზრუნველყოფს დაინტერესების მაღალ ხარისხს;
პერიოდული გამოცემა უნდა გვთავაზობდეს რუბრიკების მრავალფეროვნებას (იგულისხმება როგორც ტრადიციული, ისე – ინოვაციური რუბრიკები);
პერიოდულ გამოცემაში უნდა იბეჭდებოდეს როგორც მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ნიმუშები, ისე – კლასიკური ქართული ტექსტები;
პერიოდულ გამოცემაში უნდა იბეჭდებოდეს სხვადასხვა ჟანრის ტექსტები, მათ შორის, იშვიათობად ქცეული, ან აქამდე გამოუქვეყნებელი, რაც ახალ პერსპექტივებს გახსნის ქართველი მკითხველის თვალწინ, მათ შორის, შესაძლებელს გახდის ახალი ავტორების გაცნობას;
პერიოდულ გამოცემაში წარმოდგენილი უნდა იყოს მთარგმნელების ნამუშევრები, როგორც უახლესი, ისე – ადრე შესრულებული;.
პერიოდულ გამოცემაში წარმოდგენილი უნდა იყოს ლიტერატურული კრიტიკისა და ესეისტიკის ნიმუშები, რაც შემოქმედებითი ინსპირაციის ახალ წყაროდ გადაიქცევა და მკითხველს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნოს მიმდინარე ლიტერატურული პროცესის ანალიტიკურ თუ სამეცნიერო შეფასებას;
პერიოდულ გამოცემაში აისახოს მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე ლიტერატურული პროცესები.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს:

საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს;
საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

საპროექტო განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, 2023 წლის 03 აპრილიდან – 18 აპრილის 18:00 საათამდე;

კონკურსანტებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარადგინონ ელექტრონული ფორმით საკონკურსო პირობებით დადგენილი ვადებისა და პირობების შესაბამისად. საპროექტო განაცხადის ელექტრონული ფორმა და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელფოსტაზე – docs@creativegeorgia.ge;
ყველა პროექტი უნდა დასრულდეს და საბოლოო ფინანსური და შინაარსობრივი ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2023 წლის 1-ელი დეკემბრისა.

იხილეთ ბმული: http://creativegeorgia.ge/ka/n/news/konkursi__saliteraturo_perioduli_zhurnalebis_gamotsemis_khelshetskoba_sakartvelos_regionebshi

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები