„კარგი ბიჭი“ – შაკო ხრიკულის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
პარასკევი, 7 აპრილი, 18:00 საათზე, გალერეა „ვანდა“ შაკო ხრიკულის პერსონალურ გამოფენას – „კარგი ბიჭი“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
„გალერეა „ვანდას” ერთ-ერთი მთავარი მიზანია ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანების აღმოჩენა, მათი ხელშეწყობა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა. ამ გამოფენით ამჯერად, გვინდა გაგაცნოთ მხატვარი, რომელსაც, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, უკვე აქვს საკუთარი საინტერესო ხელწერა, ფერის არაჩვეულებრივი გრძნობა, საინტერესო ხედვა და მაღალი პროფესიონალიზმი. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ შაკო ხრიკული დაუბრუნდა მხატვრობას, რომელმაც ის მთლიანად მონუსხა, აპოვნინა საკუთარი თავი და შეცვალა მისი ცხოვრება“, – ნათქვამია გალერეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შაკო ხრიკული:
„მე კარგი ბიჭი ვიქნები…
7 აპრილს დილით ადრე ავდგები, საღამომდე ვიფიქრებ, რა კარგია, რომ გამოფენა მაქვს.
მე ყველას დავუჯერებ, ვისაც ჩემთვის კარგი უნდა. მე ჩემი წარსულით ვიამაყებ, ოღონდ ეს უკვე წარსული იქნება…
მე კარგი ბიჭი ვიქნები…
დამჯერი ვიყავი, როცა ვხატავდი იმას, რასაც ახლა ხედავ, ვუჯერებდი გარემოს და პროცესს. ვნახავთ იმასაც, რამდენად დამაჯერებელი გამოვდგები აქ და რამდენად დამიჯერებ შენ“…