“ტაქსის ლიცენზია ადრე თუ ფარატინა ქაღალდი იყო, ახლა წონიანი ქაღალდი გახდა, ღირებულება გააჩნია” – შალვა ოგბაიძე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს აფასებს
“A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია ადრე თუ ფარატინა ქაღალდი იყო, ახლა წონიანი ქაღალდი გახდა, რომლის უკანაც გარკვეული გარანტია დგას იმისა, რომ მას ღირებულება გააჩნია”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოგბაიძემ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ამოქმედების შესახებ ისაუბრა და რეფორმის მიმდინარეობა შეაფასა.
“თვალნათლივ ხედავთ, როგორი იყო ჩვენი სატაქსომოტორო მომსახურება და როგორი გახდა. რაღაც ელემენტარული წესრიგი უკვე გაჩნდა. გარკვეული ელემენტები უკვე არის: სანიტრული მდგომარეობა, პასუხისმგებლობა, თითოეული მძღოლის იდენტიფიცირება. ცუდი გამონაკლისები არსებობდა, როდესაც ადამიანები ტაქსისტს ირქმევდნენ და, სამწუხაროდ, ცუდი ამბებიც ხდებოდა. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. აღნიშნული სფერო მოწესრიგდა. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებს მუშაობის ინტერესი გაუჩნდათ, შეუძლიათ ნებართვები მემკვიდრეობით გადასცენ, გააქირაონ და ა.შ. თუ ვინმეს დღეს ლიცენზიის აღება მოუნდა და ა A კატეგორიას ვერ აიღებს, არსებობს B კატეგორია, რომელიც შეუძლია, აიღოს. არსებობს კატეგორია, რომელიც სამსახურს რომ დაამთავრებს ნავიგაციას ჩართავს და ერთ-ორ ადამიანს გაიყოლებს, სახლში 20-30 ლარს დამატებით წაიღებს. ამას ხელი არ შეხებია. ორივე კატეგორიის ტაქსები თანაარსებობენ, ორივეს თავის დანიშნულება და კლიენტურა ჰყავს. იმედით შევყურებთ იმ მომავალს, რომ გარკვეული მინიბრენდები გაჩნდება, 20 -30 -მანქანიანი, რაღაც კონკურენცია იქნება. კონკურენციის დროს ვინ რჩება მოგებული – ჩვენ, საზოგადოება, ფასწარმოქნის თვალსაზრისით, მომსახურების, კულტურის ამაღლების თვალსაზრისით და ა.შ. მუდმივ მფლობელობაში ლიცენზიას უკვე ვეღარავინ შეიძენს. შეძენა შესაძლებელი 20 მარტამდე იყო. თუ დღეიდან გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენი საქმიანობა ამ სფეროს დაუკავშიროთ, ნებართვების მფლობელებისგან ლიცენზია ან უნდა იქირაიოთ, ან იყიდოთ. ამის ბაზარი გაჩნდება. ეს ლიცენზია ადრე თუ ფარატინა ქაღალდი იყო, ახლა წონიანი ქაღალდი გახდა, რომლის უკანაც გარკვეული გარანტია დგას იმისა, რომ მას ღირებულება გააჩნია”, – განაცხადა ოგბაიძემ.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. “სასურველია, რამდენიმე სიტყვით ვთქვათ იმ პოლიტიკის შესახებაც, რისი შემადგენელი ნაწილიც ტაქსების რეფორმაა. მკითხველს და მაყურებელს შევახსენებ, რომ 2017 წელს, ქალაქის მერის, გუნდის არჩევნების დროს თანამოქალაქეების მხრიდან ერთ-ერთი დაკვეთა სატრანსპორტო პრობლემის მოგვარება იყო. იყო ძველი ავტობუსები, მოძველებული მიკროავტობუსები, მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის სიძველე, რაც ხშირ შემთხვევაში დაგვიანებას იწვევდა, ასევე, საფრთხის შემცველი იყო. სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმაზომიერი განხორციელება დაიწყო. ამასთან, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მიმართულება იყო, რაზეც ამ ტრანსპორტს უნდა ევლო. მოგეხსნებათ, ავტობუსების პარკი სრულად შეიცვალა. დაგვიანება ხშირ შემთხვევაში 12 პრობლემური ადგილითაა გამოწვეული, რომლის აღმოფხვრასაც ვცდილობთ და შეიძლება ითქვას, შემდეგ მწვავე საცობი აღარ უნდა არსებობდეს. შეიცვალა მიკროავტობუსები, მეტროს მოძრავ შემადგენლობაზე დამატება მოხდა, მოქალაქეების ბაქანზე მოცდის დრო პიკის საათისას 5-6 წუთიდან 2, 5 -2 წუთზე ჩამოვიდა, რაც იმის გარანტიაა, რომ ბაქანზე ადამიანების დიდი რაოდენობა არ დაგროვდება. ასევე მნიშვნელოვანია ზონალური პარკირების სისტემის შემოღება, სადაც დაწოლა სატრანსპორტო ნაკადების გაჩერებაზე იყო, მოქნილი სისტემა შემოვიდა. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადახდის ინტეგრირებული სისტემაა, რამაც საშუალება მოგვცა 3 სატრანსპორტო სახეობა: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი ერთ გადახდაში გაგვეერთიანებინა. რაც შეეხება ტაქსებს: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იმ სფეროში წესრიგის დამყარებას წარმოადგენდა, რომელიც საკმაოდ ქაოტური და სტიქიური იყო. არავინ იყო მომკითხველი, ნებისმიერ ჩვენგანს შეეძლო, მანქანაზე ზემოდან ტაქსის ნიშანი შემოედგა. დრომ იმის აუცილებლობა დააყენა, რომ ეს სფერო გარკვეული რეგულირების ჩარჩოში მოქცეულიყო. შევახსენებ მაყურებელს: ეს 2017 წლის ბოლოს, 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, როცა შევეცადეთ, განგვესაზღვრა, ვინ იყო სატაქსომოტორო მომსახურების მსურველი. რამდენი გამოთქვამდა სურვილს, თავის სამუშაო ამ საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის დაეკავშირებინა. როდესაც 2019 წლიდან რეფორმის მეორე ტალღა დაიწყო, უკვე ტაქსების კატეგორიები განისაზღვრა. A კატეგორიაა ის, რომლებიც მუდმივად, თავიანთ საქმიანობას მგზავრთა გადაყვანის ამ სფეროს უკავშირებენ, ხოლო B კატეგორიის აღება შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შემთხვევიდან შემთხვევამდე მუშაობდა. იყო მოთხოვნა, რომ A კატეგორია აუცილებლად თეთრი ფერის უნდა ყოფილიყო. ამასთან, კანონის მოთხოვნაა, რომ ადამიანების გადაყვანასთან დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებები წელიწადში ორჯერ ტექნიკურ დათვალიერებას გადიოდნენ. აიკრძალა მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, მოგეხსენებათ, მარცხენა მხრიდან მგზავრის აყვანა რამხელა სირთულესთანაა დაკავშირებული. სატაქსომოტორო მომსახურების მსურველთა მკაფიო რაოდენობა გამოიკვეთა, ეს 18 000 იყო. აქვე დავძენ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ოდესმე თუ ვინმეს A კატეგორია ჰქონდა, მას შეეძლო, ლიცენზიის მუდმივ მფლობელობაში მიღების მსურველთა რიგში კვლავ ჩართულიყო და დღეს დაახლოებით 35 000-მდე პოტენციური მსურველია, ვისაც შეუძლია, ლიცენზია მუდმივ მფლობელობაში აიღოს”, – განაცხადა ოგბაიძემ.
ცნობისთვის, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, იმუშავებს www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვებ-გვერდი, სადაც ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა იქნება შესაძლებელი. „20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც 1-ელ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 2024 წლის 1-ელ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. თუ ნებართვის შენახვას გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ.
„პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.