ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში: საქართველოს ციფრულ სივრცეში ინტეგრაცია ევროკავშირის პრიორიტეტია
კომუნიკაციების კომისიამ, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის შედეგები წარადგინა. შეხვედრაზე სიტყვით ევროკავშირის დელეგაციის ატაშე საქართველოში, ლიზე ვანვეიმელბეკე გამოვიდა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ComCom-ისა და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროკავშირისთვის საქართველოს ციფრულ სივრცეში სრულად ინტეგრაცია პრიორიტეტულია.
„ინტეგრაციისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა სერვისები არსებობს ტელეკომ ბაზარზე, სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელებული კვლევა უმნიშვნელოვანესია“ – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და დაამატა, რომ მიმდინარე პროექტი მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ რეალური სურათი და სწორად დავსახოთ შემდგომი ამოცანები.
„ევროკავშირის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტი, საქართველოს გაციფრულება და შემდგომ, ციფრულ სივრცეში ინტეგრაციაა – სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ ეს მნიშვნელოვანი პროექტი, რომლისთვისაც აუცილებელია ეკონომიკური ინვესტირების განხორციელება“ – განაცხადა მან.
ლიზე ვანვეიმელბეკემ საუბრისას ასევე გამოთქვა იმედი, რომ მომავალ წლებში ევროკავშირის წევრი ბევრი ახალი ქვეყანა გახდება, რაშიც მნიშვნელოვან როლს, ხარისხიანი კომუნიკაციის დამყარება ითამაშებს.
„შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრებზე შესვლის ბარიერების მოხსნისა და კონკურენციის გაზრდის მიზნით, ტელეკომ სექტორის სრულფასოვანი კვლევა გასული წლის ბოლოს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, შედეგებისა და საჭიროებიდან გამომდინარე, გამოვლინდებიან სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩო, რაც ერთი მხრივ, მრავალფეროვან სატელეკომუნიკაციო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას განაპირობებს, ხოლო მეორე მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, განავითარონ საქმიანობა და მომხმარებელს ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისები შესთავაზონ“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.