საქართველოს სალოტბარო სკოლებში კულტურის მინისტრის ვიზიტები დაიწყო

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებს ესტუმრება. ვითარების ადგილზე გასაცნობად. პირველად მინისტრი მესტიის სალოტბარო სკოლას ესტუმრა და მის ლოტბარ ვახტანგ ფილფანთან და რეგენტ გოდერძი აფციაურთან ერთად, ადგილზე გაეცნო სალოტბარო სკოლის მუშაობასა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობას. შეხვედრის ბოლოს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
„მესტიის სალოტბარო სკოლა 2015 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით გაიხსნა. 2016 წელს კი შეიქმნა სალოტბარო სკოლის ანსამბლი. ანსამბლში ადგილობრივი ახალგაზრდები სწავლობენ ქართულ ტრადიციულ გალობას, ხალხურ სიმღერასა და საკრავებზე დაკვრას. მესტიის სალოტბარო სკოლისადმი ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ამჟამად სკოლაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრები 40 მოსწავლეა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს დაგეგმილია მესტიის სალოტბარო სკოლისათვის გამოყოფილი ფართის სრული რეაბილიტაცია. მანამდე კი მოსწავლეები რეპეტიციებს მესტიის ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრში ატარებენ, რისთვისაც კულტურის მინისტრმა მესტიის მუნიციპალიტეტისა და თეატრის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მესტიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს სამინისტროსგან მათთვის სპეციალურად დამზადებული ტრადიციული სასცენო სამოსი გადაეცათ.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, დღეისათვის ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უფასოდ შეისწავლება ქართული ტრადიციული გალობა, საკრავებზე დაკვრა და ხალხური სიმღერა. მიმდინარე წლის აპრილიდან კი სალოტბარო სკოლები კიდევ ორ მუნიციპალიტეტში – ახმეტასა და ყაზბეგში – ამოქმედდება. 2022 წელს დასრულდა ლენტეხისა და ამბროლაურის სკოლების ფართების რეაბილიტაცია.
სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნის. პირველი სკოლა მისი თაოსნობით 2015 წელს ქ. ამბროლაურში გაიხსნა. დღეს კი მთელ საქართველოში ათასზე მეტი მოზარდი სახელმწიფოს მხარდაჭერით, უსასყიდლოდ, ეუფლება ქართულ ფოლკლორულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები არაერთ შემოქმედებით, თუ შემეცნებით პროექტში მონაწილეობენ; მათ შორის: მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ გაიმართება სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“. სკოლებს შორის მოქმედი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და სხვა კუთხის სიმღერების შესასწავლად, ესტუმრებიან სხვადასხვა რეგიონს და გაეცნობიან მის კულტურასა თუ ადათ-წესებს. ხოლო მთელი წლის მანძილზე სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა კონცერტების ციკლს უმასპინძლებს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზები თბილისსა და ოზურგეთში; კონცერტებში, რეგიონებთან ერთად, თბილისში მოქმედი ბავშვთა ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები