რუსთაველის ეროვნულ თეატრში ზაურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში, კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, გამოჩენილი ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის, ზაურ ბოლქვაძის, ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ზაურ ბოლქვაძის შვილი ელისო ბოლქვაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ზაურ ბოლქვაძის ოჯახის წევრები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას ნიკოლოზ წულუკიძე და ლექსო დორეული უძღვებოდნენ. საღამოს რეჟისორი იყო თინათინ კორძაძე. ღონისძიებაზე ზაურ ბოლქვაძის ლექსები წაიკითხეს მსახიობებმა: მურმან ჯინორიამ, ნანა ფაჩუაშვილმა, მარინა კახიანმა, კახა მიქიაშვილმა, თორნიკე მიქაძემ. მუსიკალური ნომრები შეასრულეს: ელისო ბოლქვაძემ, ნინო გულიაშვილმა, თამუნა ჩაგანავამ, ნეკა სებისკვერაძემ.
„2 აპრილს ზაურ ბოლქვაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. მან 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ჟურნალების – „ცისკრისა” და „ნიანგის” თანამშრომელი, ჟურნალ „პირველი სხივის” პასუხისმგებელი მდივანი, „ნიანგის ბიბლიოთეკის” სერიის სატირულ-იუმორისტულ ნაწარმოებთა კრებულებისა და ბუკლეტის – „ნიანგი გზაჯვარედინზე” – რედაქტორი.
გამოცემულია ზაურ ბოლქვაძის პოეტური კრებულები: „ღელვის დასაწყისი” (1961), „ლექსები”(1964), „საქართველოს სასიცოცხლოდ” (1975) და სხვ. იგი ავტორია სატირულ-იუმორისტული მოთხრობებისა. თარგმნა ტარას შევჩენკოს, ნიკოლოზ ტიხონოვის, ბელა ახმადულინას, იანკა კუპალას ლექსები. პოეტის ნაწარმოებები თარგმნილია არაერთ უცხო ენაზე“, – ნათქვანია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.