დღეს ქართული კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობს, კარლო საკანდელიძეს, 95 წელი შეუსრულდებოდა

დღეს ქართული კინოსა და თეატრის ცნობილ მსახიობს, კარლო საკანდელიძეს, 95 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს კარლო საკანდელიძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
„კარლო საკანდელიძე 1949 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მსახიობი იყო. ამ თეატრში მან 61 წელი გაატარა და 80-მდე როლი განასახიერა. მისი როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: გიო („ტარიელ გოლუა“), ოსიკო ხარებაძე („შემოდგომის აზნაურები“), ქუჩარა („ყვარყვარე თუთაბერი“), ჭინჭრაქა („ჭინჭრაქა“), არისტო ქვაშავიძე („სამანიშვილის დედინაცვალი“) გლეხი და ქმარი („კავკასიური ცარცის წრე“), სკრუჯი („საშობაო სიზმარი“) და სხვა.
მსახიობი კინოში 1954 წლიდან მოღვაწეობდა. მან შექმნა მენახირე ვანუას კოლორიტული სახე ფილმში „მაგდანას ლურჯა“ (1955 წ.). განსახიერებული აქვს 40-ზე მეტი მეორეხარისხოვანი თუ ეპიზოდური როლი, რომელთაგან აღსანიშნავია: ადვოკატი დოდო („არ დაიდარდო!“), ზაქრო („ღვინის ქურდები“), ნიკანდრო ქილია  („დათა თუთაშხია“), მიქელა („ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“) და ა.შ.
კარლო საკანდელიძემ მონაწილეობა მიიღო არაერთ უცხოურ ფილმშიც, რომელთაგან აღსანიშნავია: „ძველი მეჩეთის საიდუმლოება“ (ტაჯიკეთი), „შეცდომების კომედია“ (რუსეთი), „მწვანე ტალღა“ (მოლდავეთი), „ხრუსტალიოვ, მანქანა!“ (რუსეთი) და სხვა.
კარლო საკანდელიძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი. 2008 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის წინ გაიხსნა მსახიობის სახელობის ვარსკვლავი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები