რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია დაამტკიცა.
ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე თქვა.
მისი თქმით, მსოფლიო არენაზე სერიოზული ცვლილებების გამო, ძირითადი სტრატეგიული დოკუმენტები კორექტირებას საჭიროებს.
პუტინის თქმით, განახლებული კონცეფცია საფუძვლად დაედება ქვეყნის პრაქტიკულ ქმედებებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში და გახდება მყარი დოქტრინალური საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში შემდგომი მუშაობისთვის.
რას გულისხმობს კონცეფციის ძირითადი დებულებები:
– რუსეთი თავს დასავლეთის მტრად არ მიიჩნევს და არ ცდილობს მისგან იზოლირებას, მას არც მტრული ზრახვები აქვს;
– მოსკოვი იმედოვნებს, რომ დასავლეთის ქვეყნები კონფრონტაციის უშედეგოობას გააცნობიერებენ და მოხდება თანაბარ ურთიერთქმედებასთან დაბრუნება;
– რუსეთი ვაშინგტონის კურსს მიიჩნევს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო მშვიდობის რისკების მთავარ წყაროდ;
– პრიორიტეტი მიენიჭება მსოფლიოში აშშ-ის დომინანტობის მოცილებას;
– მოსკოვი ცდილობს, უზრუნველყოს უსაფრთხოება ყველა ქვეყნისთვის თანაბრად, ურთიერთობის პრინციპის საფუძველზე;
– განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩინეთსა და ინდოეთთან კავშირებისა და კოორდინაციის ყოვლისმომცველ გაღრმავებას;
– ახლო საზღვარგარეთის მთავარი ამოცანაა – რეგიონის გადაქცევა მშვიდობის, კეთილმეზობლობისა და კეთილდღეობის ზონად.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონცეფციის რეალიზებაში საკოორდინაციო როლს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეასრულებს.
კრემლის ლიდერმა საგარეოპოლიტიკური კურსის რეალიზაციასთან კავშირში მყოფ კოლეგებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ კავშირების გაფართოებას კონსტრუქციულად განწყობილ პარტნიორებთან.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დოკუმენტში შევიდა თეზისი შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ რუსეთზე და მის მოკავშირეებზე თავდასხმის მოსაგერიებლად ან აღსაკვეთად.
ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონცეფცია ითვალისწინებს მტრულ ქმედებებზე როგორც სიმეტრიული, ასევე, ასიმეტრიული რეაგირების შესაძლებლობას.
რუსეთმა უკანასკნელად საგარეო პოლიტიკის კონცეფცია 2016 წელს შეცვალა.