ელმირა თარზიანი – „თუ გინდა, თავი იგრძნო საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ, აუცილებელია, სათანადო დონეზე ფლობდე სახელმწიფო ენას“

ელმირა თარზიანი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სომეხი პედაგოგია. იგი სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის სომხურ სექტორზე მუშაობს სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ელმირამ ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გადაწყვიტა და სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთო. მას შემდეგ, რაც ჟვანიას სკოლის მსმენელი გახდა, იგივე ურჩია ოჯახის სხვა წევრებსაც, რომლებიც მრავალი წელია, საგანმანათლებლო სფეროს წარმოადგენენ. ელმირა მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ქართული კულტურისადმი სიყვარული, პირველ ყოვლისა, სახელმწიფო ენისადმი პატივისცემაში გამოიხატება.

„მე და ჩემი ოჯახი მივიჩნევთ, რომ თუ გინდა, თავი იგრძნო საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ, აუცილებელია, სათანადო დონეზე ფლობდე სახელმწიფო ენას. ჟვანიას სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის გავლის შემდეგ უფრო გავიღრმავე ცოდნა, გავხდი მეტად თავდაჯერებული. ჩვენთვის გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა სახელმწიფო სერვისები,”- გვიამბობს თავად.

ჩვენი რესპონდენტი ეროვნული უმცირესობის ის ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელმაც ყოველდღიური ცხოვრების შეცვლა ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესებით გადაწყვიტა. როგორც თავად აღნიშნავს: ,,ქართული ენის ცოდნა ადამიანს უფრო მეტად აგრძნობინებს, რომ ქართული კულტურის, საზოგადოების და ცხოვრების წესის ნაწილია, შესაბამისად, ემატება თავდაჯერებულობა და სურვილი, უფრო მეტად აქტიური მოქალაქე გახდეს.“ სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სახელმწიფო ენის სწავლებას დაარსების დღიდან ახორციელებს, რისი მთავარი მიზანიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები