ფრანკოფონიის თვის ფარგლებში თანამედროვე ფრანგული ბალეტის საღამო გაიმართა
ფრანკოფონიის თვის ფარგლებში აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში თანამედროვე ფრანგული ბალეტის საღამო გაიმართა.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ინფორმაციით, ხათუნა მზარელუამ, თანამედროვე ცეკვის მკვლევარმა, სამი ისტორიული ბალეტის ფონზე : „ცისფერი მატარებელი“ (1924), „ბოლერო“ (1961, მორის ბეჟარის ვერსია) და „ღამის გადალახვა“ (2018) თავისი პირველი წიგნი ცეკვაზე – „კაფე მიულერში“ (წერილები ცეკვაზე) წარადგინა.
საღამოს მეორე ნაწილი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფრანგ ქორეოგრაფს, ანჟელენ პრელჟოკაჟს მიეძღვნა. საღამოს დასკვნით ნაწილში კი უჩვენეს მისი ბალეტი „ფრესკა“, რომელმაც ყველა ასაკის ადამიანი ერთნაირად მონუსხა.
„დაუვიწყარი საღამოსთვის დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ხათუნა მზარელუას და ღონისძიების პარტნიორებს: „ბალე პრელჟოკაჟს“, ვიდეო ვერსიის პროდიუსერს – „ტელმონდისს“, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.