განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, გრანტის გაცემის უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეს ემატება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, რაც მინისტრის აპარატისთვის სამართლებრივ საფუძველს ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი მმართველობისა და საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნებისთვის გრანტის სახით გასცეს დაფინანსება.
მომხსენებლის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ცვლილებების შემუშავების მიზანია სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტების დაფინანსება.

„შემოთავაზებული ცვლილების მთავარი მიზანია განათლების სფეროში სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად გრანტების გაცემა, სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად გრანტების გაცემა, სამეცნიერო გრანტების გაცემა, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, ასევე ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში გრანტების გაცემა; ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტების გაცემა”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მარიამ ლაშხის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება შერიგების პოლიტიკისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები