„ექო” – მარიამ ფრიდონიშვილისა და საბა ნარიმანიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

31 მარტს, 19 საათზე, „აბრეშუმის გალერეა“  მარიამ ფრიდონიშვილისა და საბა ნარიმანიშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.
„ექოს, როგორც მცნებას და ამქვეყნიურ მოვლენას, რამდენიმე სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ექო არის ბგერაც, ამოძახილიც, ნამღერიც და სიტყვაც… ექო შეიძლება იყოს ადამიანის დიალოგი, როგორც საკუთარ თავთან ასევე ნამუშევართან. ექო ადამიანის ცხოვრებას გამუდმებით, თითქოს ქარავანივით მიუყვება და შეიძლება იქამდეც მიაღწიოს, რომ ადამიანის ყოფაში უსასრულობის განცდა წარმოშვას.
გამოფენის ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ორი განსხვავებული არტისტის – საბა ნარიმანიშვილისა და მარიამ ფრიდონიშვილის ნამუშევრები. ამ გამოფენის კონცეფციაზე ფიქრი დაიწყო ხელოვანების დიალოგით იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას და როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ უკანსკნელმა ადამიანის შინაგან სამყაროზე. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა გახლავთ ემოციურიც და ფიზიკურიც. არტისტებმა გადაწყვიტეს დროში და სივრცეში ჩაეტარებინათ ერთგვარი ექსპერიმენტი, რომლის მთავარი არსიც და კითხვაც მდგომარეობს შემდეგში – შესაძლებელი იქნება თუ არა ამ დიალოგის გაგრძელება ფერწერის მედიუმით?
მუშაობის პროცესი ორივე ხელოვანისათვის გახლდათ სრულიად დამოუკიდებელი და ავტონომიური. ამ პერიოდის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ინფორმაციის გაცვლის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა ტექსტები, რომლებიც აღმოცენდნენ როგორც პოეტური, ასევე მუსიკალური კომპოზიციების წყაროებიდან. სიტყვა, ზედაპირი, საღებავი, დრო და სივრცე ხდებიან ერთგვარი გამტარები ამ ორი, სხვადასხვა სქესისა და პერსპექტივის მქონე არტისტის დიალოგისა. საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორი გავლენა ექნება ამ დიალოგის ექოს თავად ხელოვანებზე და რა თქმა უნდა, მნახველის აღქმაზე, რადგან ეს გამოფენა შეიქმნა იმ მოტივით, რომ ორი ადამიანის დაწყებული დიალოგი გარდაიქმნას პირველ რიგში ფიქრის და შემდგომ საუბრის წყაროდ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მის: თბილისი, მ.კოსტავას №59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობა).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები