ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის” ხელძღვანელობისგან, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,რუსთავის წყალი” წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
აღნიშნულ პროექტში, კომპანია ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს. მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა.

პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რუსთავის მერიაში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, GWP-ისა და ,,რუსთავის წყლის” გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი გიგა ნადირაძე და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა, კომპანიის წარმომადგენლებს მოსთხოვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაძლებლობის ფარგლებში ღამის საათებში აწარმოონ და წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას მაქსიმალურად დროულად მიაწოდონ.

,,რუსთავის მერიის მიმართვის საფუძველზე, სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება და კომპანია ,,რუსთავის წყალი” 30 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს ქალაქში. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თანხა არის კომპანიის და სრულად იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯება, რომლის შედეგიც, ჩვენს ქალაქს შეეტყობა და წყლით მომარაგების კუთხით ერთხელ და სამუდამოდ გადავდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ 2023 წელი უნდა იყოს რეაბილიტაციის კუთხით გამორჩეული, პროექტები უნდა გაგრძელდეს, რომ რუსთავში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს წყალმომარაგება. ეს არის რუსთაველებისა და ჩვენი ყველას მოთხოვნა, რაც სემეკთან დავაყენეთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეხვედრაზე, კომპანია ,,რუსთავის წყლის” მიერ 2022 წელს შესრულებული, 2023 წელს მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დეტალურად იქნა განხილული.

,,გასული წლის მეორე ნახევრიდან და წელს, რუსთავში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვება მნიშვნელოვანი ინვესტიციები. დღეს პროექტების მიხედვით განვიხილეთ, რა სტადიაზე ვართ, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ. წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება და მოსახლეობა ამას თავად ნახავს. რეაბილიტაციის პროექტებს, რა თქმა უნდა მოჰყვება წყვეტები, ოღონდ ეს არის დაგეგმილი სამუშაოები, რომლის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი წელი რუსთავის წყალმომარაგებისთვის იქნება გარდამტეხი, იმიტომ, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ქსელის რეაბილიტაციას განვახორციელებთ, რომელიც რადიკალურად დადებით შედეგს იქონიებს ქალაქის წყალმომარაგების თვალსაზრისით”, – განაცხადა კომპანია GWP-ისა და ,,რუსთავის წყლის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რუსთავში ხუთ ქუჩასა და ორ მთავარ მოედანზე ძველი წყალსადენის ახლით შეცვლის სამუშაოები განხორციელდა. სისტემის რეაბილიტაცია დასრულებულია ლერმონტოვის, შევჩენკოს, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, შარტავასა და რუსთაველის მოედნებზე, სამუშაოები აქტიურად ხორციელდება სათავე ნაგებობაზე, სადაც მდინარე ხრამის ნაპირდაცვითი სამუშაოების ბოლო ფაზა მიმდინარეობს, პარალელურად ხდება ტუმბო-აგრეგატების და ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების განახლებაც. ქალაქის მასშტაბით, 200 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულის განახლებაა გათვალისწინებული.

2023 წელს დაგეგმილია: გაგარინის ქუჩაზე არსებული ჩათმის რეზერვუარის შემავსებელი მილსადენის რეაბილიტაცია, სისტემა განახლდება ლომოურის, ნეკრასოვის, მესხიშვილის, მშვიდობის ქუჩებზე, მეგობრობის გამზირზე და VI, VII, XVII მიკრორაიონებში.
რუსთავში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, ,,რუსთავის წყალმა”, 2022 წლის ბოლოს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები