საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების დაფინანსების მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 27 მარტს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო და სხვა ხარჯით ხელშეწყობა“. კონკურსის პირობებისა და ვადების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
„კონკურსის ბიუჯეტია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; შემოქმედებით პროცესში ბავშვთა აქტიური მონაწილეობა, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ქართული სამუსიკო, თეატრალური და ქორეოგრაფიული სამყაროსათვის მომავალი პროფესიული კადრების მომზადება.
კულტურის სამინისტრომ ამავე კონკურსისთვის 2022 წელსაც 100 000 ლარი გამოყო. კონკურსში გაიმარჯვა სამმა პროექტმა.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების/მიუზიკლების სადადგმო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (მოქმედ ნებისმიერ თეატრს ან ორგანიზაციას, რომელიც საბავშვო მუსიკალურ/საბალეტო/თეატრალურ სფეროში საქმიანობს). თითოეულ კონკურსანტს მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია.
კონკურსში უპირატესობა შეიძლება მიენიჭოს პროექტს:
ა) რომელშიც გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორის მუსიკა;
ბ) რომლისთვისაც მუსიკა საგანგებოდ შექმნა ქართველმა კომპოზიტორმა;
გ) რომელსაც აქვს თანადაფინანსება.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 5 აპრილის 12:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან მათი ელექტრონული ვერსია სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. მსურველებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ სამინისტროს „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ტელ.: 032 2 022229; 599 02 01 98.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი: https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები: https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/i4FE7eM

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები