„ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„კონკურსის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კულტურის ხელმისაწვდომობის მიზნით ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარება/წარმოჩენა და მათთვის კულტურულ ცხოვრებაში ჩასართავად თანაბარი პირობების შექმნა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბრაილის შრიფტით შექმნილი ქართული მხატვრული ლიტერატურის ნიმუშების გამოცემის ხელშეწყობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ონლაინპლატფორმების გამოყენებით, კულტურის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო პირობების შეთავაზება. კონკურსისათვის გამოყოფილია 120 000 ლარი.
პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარდგენა.
2022 წელს კონკურსის – „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ – ბიუჯეტი იყო 120 000 ლარი. სამინისტროში შემოსული 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. კონკურსში მონაწილეობდა 126 ადამიანი (მათ შორის – 55 შშმ პირი); გაიმართა ხუთი ღონისძიება.
წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 5 აპრილის 12:00 საათამდე, ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში (თბილისი, სანაპიროს ქ. N4), ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge. დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული.
მსურველებს კონკურსთან დაკავშირებით კონსულტაციების მიღება შეუძლიათ სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით, ტელ.: 032 2 022229; 577 470 691 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/v4FRo1U