„ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი -„ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – გამოაცხადა. დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკურსის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
„კონკურსს – „ქალი რეჟისორების მხარდაჭერა“ – წელს კულტურის სამინისტრო პირველად აცხადებს და მისი მიზნებია: ქალ რეჟისორთა შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება; თანამედროვე ქართულ სათეატრო პროცესში ქალ რეჟისორთა მონაწილეობის ზრდა, ქალ რეჟისორთა ახალი სახელების წარმოჩენა; ქართული თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნება, ახალი დადგმებით გამდიდრება.
საკონკურსოდ მიიღება პროექტები, სადადგმო ხარჯების მოსაპოვებლად, სპექტაკლებისთვის, რომელსაც დადგამენ ქალი რეჟისორები. კონკურსისათვის გამოყოფილია 86 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ პროფესიულ თეატრებს. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს, რომელიც წარმოაჩენს ნაკლებად ცნობილ ქალ რეჟისორთა შემოქმედებას; გამოიყენებს ინოვაციურ მიდგომებს /ფორმებს.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 5 აპრილის 12:00 საათამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (თბილისი სანაპიროს ქ. N4) ნაბეჭდი ფორმით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge – ელექტრონული დოკუმენტის სახით.
მსურველებს შეუძლიათ კონსულტაციებისთვის დაუკავშირდნენ სამინისტროს „ცხელ ხაზს“, ტელ. N: 032 202 2229 ან 599 14 32 48.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილისა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ N7864 ბრძანება და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/V4FEQl3