თეატრის საერთაშორისო დღე და რუსთაველის თეატრის სოლიდარობა უკრაინას
27 მარტს – თეატრის საერთაშორისო დღეს რუსთაველის თეატრი ფეისბუქის გვერდზე ეხმიანება.
„თეატრი – ხალხებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების გაძლიერების საშუალება“ – ამ ეგიდით თეატრის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1962 წლიდან აღნიშნავს.
დღევანდელ დღეს, რუსთაველის ეროვნული თეატრი კიდევ ერთხელ გამოხატავს უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასა და მხარდაჭერას.
რუსთაველის ეროვნული თეატრი იყო პირველი, რომელმაც სპეციალურად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის სპექტაკლი „ერთხელ… მხოლოდ“ წარმოადგინა.
სპექტაკლი უსიტყვოდ, პლასტიკისა და მუსიკის თანხლებით ამბობს სათქმელს, რომელსაც უდიდესი ემოციით, მადლიერებითა და ცრემლებით შეხვდა უკრაინელი მაყურებელი.
რუსთაველის ეროვნული თეატრი, არსებობის დღიდან დღემდე, ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიოს უდიდესი თეატრების გვერდით.. ის ყოველთვის იყო ზუსტი მემატიანე წარსულის, აწმყოსა და მომავლის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.