„უღრმესი მადლობა, ბატონო არნოლდ“! – დიდი ენათმეცნიერის დაბადების დღე

დღეს დიდი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების დღეა. მას 125 წელი შეუსრულდებოდა.
ამ დღესთან დაკავშირებით ენათმეცნიერი და ფილოლოგი თეიმურაზ გვანცელაძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს ავრცელებს.
„არნოლდ ჩიქობავამ ბევრი რამ გააკეთა ქართული და მისი მონათესავე კავკასიური ენების კვლევის მიმართულებით: საბოლოოდ დაადგინა ქართული და ჩრდილოეთ კავკასიური ენების ნათესაობა, აღზარდა კავკასიოლოგ ენათმეცნიერთა თაობები, შექმნა კავკასიოლოგიის სამეცნიერო ცენტრები თბილისში, სოხუმსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში…
ბატონი არნოლდი მკაცრი და პრინციპული ადამიანი ბრძანდებოდა, რის გამოც მასთან ურთიერთობა ბევრს უძნელდებოდა.
ვითარცა ყოველი კაცი, ზოგჯერ ისიც ცდებოდა…
პირადად ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო მისი სტუდენტობა. შემდგომში, მისი და აკად. ქეთევან ლომთათიძის ზრუნვით, ენათმეცნიერების ინსტიტუტის იმ განყოფილების თანამშრომელიც გავხდი, რომლის გამგეც ბატონი არნოლდი იყო გარდაცვალებამდე.
ბატონი არნოლდი ბრწყინვალე აღმზრდელი იყო. ზოგჯერ ლექციაზე მარტოც კი ვმჯდარვარ, მაგრამ ის წარბსაც არ შეიხრიდა და ისე ჩამიტარებდა მეცადინეობას, თითქოს აუდიტორია სავსე ყოფილიყოს სტუდენტებით. სტუდენტობის დროსაც და მერეც ის ახალგაზრდებს ყველაფერს გვასწავლიდა, რაც მეცნიერისათვის აუცილებლად მიაჩნდა: საქართველოსა და კავკასიის სიყვარულს, თანამიმდევრულად აზროვნებას, არგუმენტაციის აუცილებლობას, აუდიტორიასთან ურთიერთობას, კონკრეტული საკვლევი მასალიდან ამოსვლას, მეთოდის სიმკაცრის დაცვას და… გამართულად მეტყველებასა და ხელწერასაც კი.
სიცოცხლეში მას ვერასოდეს შევბედე, ახლაღა ვეტყვი: უღრმესი მადლობა, ბატონო არნოლდ, ჩემდამი გამოჩენილი ზრუნვისა და ამაგისათვის, სიმკაცრით შეფარული სითბოსათვის!
უფალმა განუსვენოს შენს სულს, დიდო კავკასიელო“, – წერს თეიმურაზ გვანცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები