„კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის – „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა “ – გამარჯვებულები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსი საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირებისთვის, კერძო ინიციატივების წასახალისებლად, ქართულ სათეატრო პროცესში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გასაზრდელადაა გამიზნული; ასევე – თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში კონკურენტული გარემოს შექმნისა და შემოქმედებითი პროცესის გასააქტიურებლად.
„კონკურსისთვის 230 000 ლარი გამოიყო და მასში მონაწილეობა 15-მა ორგანიზაციამ მიიღო; გაიმარჯვა ცხრა პროექტმა:
1. დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ – სპექტაკლის გასტროლი საქართველოს რეგიონებში” (მცხეთა, სიმონეთი, სენაკი, ბათუმი, შეკვეთილი); რეჟისორი – დენ ჯოხაძე (განმახორციელებელი ა(ა)იპ გლობალ თეატრი);
2. სპექტაკლი „ჰაროლდი და მოდი” – დაიდგმება თავისუფალ თეატრში; რეჟისორი – გიგი ლორია (განმახორციელებელი ა(ა)იპ თეატრი ანარეკლი);
3. „თეატრომობილე“ – თითების თეატრისათვის ავტომობილის შეძენა (განმახორციელებელი შპს ბესო კ და კომპანია);
4. „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის” – სპექტაკლი დაიდგმება თავისუფალ თეატრში; რეჟისორი – საბა ასლამაზაშვილი (განმახორციელებელი ა(ა)იპ თბილისის თეატრალური ცენტრი);
5. „მინიატურული ბალეტი, ქორეოგრაფიული დადგმები, ქორეოგრაფიული საღამო” – ქორეოგრაფიული სპექტაკლი დაიდგმება თბილისის აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში; ქორეოგრაფი – გვანცა ლაზარაშვილი (განმახორციელებელი ა(ა)იპ ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრი);
6. „ლეგენდა ტიფლისზე” – სპექტაკლი დაიდგმება ძველი თბილისის ხუთ ადგილას, რამდენადაც იგი ხუთი ნოველისგან შედგება და შესაძლებელი იქნება ცალკეული ნოველის დამოუკიდებლად გათამაშება – ლეღვთახევიდან აბანოთუბნამდე; რეჟისორი – ირაკლი ხოშტარია (განმახორციელებელი შპს ჩვენი თეატრი);
7. შალვა დადიანის პიესის მიხედვით ახალი სპექტაკლის – „გუშინდელნი დღეს“ – დადგმა განხორციელდება თავისუფალ თეატრში; რეჟისორი – თინათინ კორძაძე (განმახორციელებელი ა(ა)იპ ხელოვნება მომავლისთვის);
8. „თბილისის კამერული თეატრის სასცენო სივრცის რეკონსტრუირება-სრულყოფა” – დაფინანსდა კამერულ თეატრში პარტერის სკამების გამოცვლა, სასცენო სივრცის კედლების დამუშავება, გათბობის სისტემის მონტაჟი (განმახორციელებელი ა(ა)იპ ახალგაზრდული ხელოვნების განვითარების ფონდი შემოქმედებითი ლაბორატორია);
9. „მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა” – მოხეტიალე მთვარის თეატრში დაფინანსდა შემდეგი აპარატურის შესყიდვა: მიკროფონები, სამართავი პულტი, დინამიკი, განათების აპარატი, პრინტერი და ა.შ. (განმახორციელებელი ა(ა)იპ მოხეტიალე მთვარის თეატრი).
შეგახსენებთ, რომ 2022 წელსაც ამავე სახელწოდებით გამოცხადებული კონკურსის ბიუჯეტი იყო 230 000 ლარი, ხოლო კონკურსში მონაწილე 13 პროექტიდან დაფინანსდა შვიდი პროექტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები