„თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა“ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პროექტებია:
1. „სიმღერით მოვიაროთ საქართველო“ – ფოლკლორულ ჯგუფ ,,ნანინას” კონცერტები მესხეთში”. დაფინანსდა ფოლკლორულ ჯგუფ „ნანინას“ კონცერტები ახალციხესა და ბორჯომში;
2. მგალობელ-მომღერალთა გუნდის „დიდგორი“ საკონცერტო ტურნე აჭარაში – განმახორციელებელი შპს მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“. დაფინანსდა ანსამბლის ოთხი კონცერტი ქობულეთის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში;
3. „მრავალჟამიერ“ (მეორე ეტაპი) – განმახორციელებელი ფ.პ. ვასილ პაპიაშვილი. დაფინანსდა პროფესიონალური სტუდიური მიკროფონებისა და შესაბამისი აქსესუარების შეძენა ფოლკლორული ანსამბლისათვის – ,,ჰერეთი”;
4. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფის ,,ძირიანი” კონცერტები ზემო სვანეთში – განმახორციელებელი ა(ა)იპ ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ჯგუფი ,,ძირიანი”. დაფინანსდა ანსამბლის სამი კონცერტი მესტიის, მულახისა და ლატალის თემებში;
5. „ჩემი საქართველო აქ არის“ (ანსამბლი „ბინული“ რაჭის ეთნოფორებთან) – განმახორციელებელი ფ.პ. პაატა მელაძე. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტი და მასტერკლასი რაჭის ეთნოგრაფიული კუთხისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების – გუდასტვირისა და ჭიანურის, ტრადიციული მეთოდით დამზადების პროცესის გასაცნობად;
6. „ქართული საეკლესიო მუსიკის და ანტიფონური გალობის ტრადიციის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში“ – განმახორციელებელი ა(ა)იპ ანჩისხატის გუნდი – ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდი. დაფინანსდა გუნდის მარნეულის ტაძრის საკვირაო წირვაში მონაწილეობა. შესრულდება ანტიფონური გალობა, როგორც სანოტო კრებულების, ისე ძველი ქართული მუსიკალური ნიშნების, ნევმების, გამოყენებით;
7. „ამღერებული ოჯახი“ – განმახორციელებელი ფ.პ. გიორგი ჩხაიძე – დაფინანსდა ჩხაიძეების ოჯახური ანსამბლის მიერ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რვა მრავალშვილიანი ოჯახისთვის ხალხური სიმღერების შემსწავლელი გაკვეთილების ჩატარება და ელექტროპიანინოს შეძენა;
8. ფოლკლორულ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ,,დროშიონი” – განმახორციელებელი ფ.პ. შორენა ჩოლოგაური. დაფინანსდა ანსამბლისთვის ხალხური საკრავების შეძენა;
9. ფოლკლორული ანსამბლი ,,ლაშხეთის“ ხელშეწყობა და პოპულარიზაცია – განმახორციელებელი ფ.პ. იური ბენდელიანი. დაფინანსდა ანსამბლისთვის ხალხური საკრავებისა და მუსიკალური ცენტრის შეძენა.
კონკურსის ბიუჯეტი 100 000 ლარს შეადგენდა და სამინისტროს 27-მა განმცხადებელმა მომართა.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოსული 17 განცხადებიდან განხორციელდა ცხრა პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები