პრეზიდენტი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია და სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს – დესტაბილიზაციის სურვილი არავის აქვს

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანა ვართ, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს და დესტაბილიზაციის სურვილი არავის აქვს.

„მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ამ გზას ვერავინ გადაუხვევს. ვფიქრობ, საარჩევნო [საკითხი] არის, განცდა, რომ მხარდაჭერას კარგავენ ამომრჩევლებში, საჭიროა კონსოლიდაცია, რასაც უფრო ადვილად ხედავენ „ხალხის ძალაში“, ვიდრე ფართო საზოგადოებაში იმ მხარდაჭერის მოპოვებაში, რომელიც მოითხოვს გამბედავ ნაბიჯებს.

შეიძლება, თამაში რუსეთთან, რომ თავის თავს აჯერებენ, რომ ამით რუსეთი უფრო ლმობიერი იქნება ჩვენს მიმართ. თუ ვინმე ასე ფიქრობს, არაფერი სცოდნია საქართველოს ისტორიიდან რუსეთის და საქართველოს ურთიერთობაზე. გარკვეული სიფრთხილე მესმის, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.

არასდროს ვიყავი მომხრე არც სააკაშვილის პერიოდში, არც ოპოზიციაში ყოფნისას და დღესაც, ტყუილად რაღაც ლანძღვის, შეურაცხყოფის მიყენების ნებისმიერი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის. არც ევროპარლამენტარების მიმართ და არც რუსეთის მიმართ არ არის ეს ფორმა მისაღები.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია, ქვეყანა ვართ, სადაც არავინ ამზადებს მეორე ფრონტს. რა მეორე ფრონტი? როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ. ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს. არავის აქვს დესტაბილიზაციის სურვილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები