საფრანგეთში საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდის გადაწყვეტილებით გამოწვეული კრიზისი უკვე მეცხრე დღეა, გრძელდება.
BBC-ს ინფორმაციით, 23 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაში მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით კი, პარიზში 119 ათასი დემონსტრანტი იყო, მაშინ როდესაც საფრანგეთის მთავარი პროფკავშირის, შრომის გენერალური კონფედერაციის (CGT) ცნობით, პარიზის ქუჩებში, დაახლოებით, 800 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
პარიზის ზოგიერთ რაიონში არეულობა დაიწყო. აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფებმა პოლიციელებს ქვების და ფოიერვერკების სროლა დაუწყეს, რასაც ძალოვანებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით უპასუხეს.
ბორდოში დემონსტრანტებმა მუნიციპალიტეტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
აქციები გაიმართა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. ნანტში პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, როდესაც მომიტინგეებმა პოლიციელებს მძიმე საგნები დაუშინეს და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს.
რენში გამოიყენეს წყლის ჭავლი.
ნიცაში აქციის მონაწილეები აეროპორტის შენობასთან მივიდნენ, სადაც ბლოკადა მოაწყვეს.
პროფკავშირები მოსახლეობას მორიგი აქციისთვის ქუჩებში 28 აპრილს ელოდება.
საფრანგეთში დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც ხალხი საპენსიო ასაკის ზრდას აპროტესტებს.
7 მარტს ქუჩაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1,3 მილიონი ადამიანი გავიდა.