ეროვნული გალერეა ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების ერთობლივ გამოფენას მასპინძლობს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ჯემალ კუხალაშვილის რეტროსპექტულ გამოფენასა და გიორგი კუხალაშვილის გამოფენას – „ზღურბლს მიღმა“ – მასპინძლობს.
ექსპოზიციის გახსნას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე დაესწრო.
„ჯემალ კუხალაშვილი დაიბადა 1952 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 80-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა. მისი შემოქმედება განსაკუთრებული პირადულობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. სამყაროს მხატვრისეული აღქმა ისეთი ინტენსიური და მძაფრია, რომ თითქოს ტილო ვერც იტევს მის სათქმელს.
ჯემალ კუხალაშვილის სამყაროს მოდელში „დიდი აურზაური და ქაოსია“… აქ თავს იჩენს მხატვრის საოცარი ნიჭი, გამომსახველობითი ხერხების, ხატვის ტექნიკისა თუ ფერადოვანი კომპოზიციის ფლობა, რაც ნამუშევრებში მხატვრულ წესრიგს განაპირობებს, წესრიგს, რომელსაც წესები არ აქვს და რომელიც ირაციონალური შემოქმედებითი პროცესის შედეგია.
ქართველი ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. 21-ე საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას და რადგან მხოლოდ ინტელექტით ეს შეუძლებელია, ხელოვნება საშუალებაა, რომელიც მიღმიერ სამყაროში შეგვიძღვება.
გამოფენა მატერიალურ და სულიერ სამყაროთა ავტორისეული მხატვრული ინტერპრეტაციაა. ძირითადი ლაიტმოტივი, რომელიც ექსპოზიციას გასდევს, ზღურბლს მიღმა არსებულზე საუბარია. სულიერების ძიება, წარმოდგენილი ფერწერული ტილოებით, მხატვრის ერთგვარი მედიტაციური მცდელობაა თავად შეიცნოს მიღმიერი და დამთვალიერებელიც ამოგზაუროს ამ სამყაროში.
გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში. მხატვრის შემოქმედებას შეგიძლიათ გაეცნოთ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დამთვალიერებლები ჯემალ და გიორგი კუხალაშვილების ერთობლივი გამოფენის ნახვას 8 აპრილამდე შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები