ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე: ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის, მირჩა ჯოანას განცხადებით, შეხვედრამ საშუალება მისცა მხარეებს განეხილათ საქართველოსთან ნატოს პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა.
„შეხვედრამ საშუალება მოგვცა, მიმოგვეხილა ისეთი არასტაბილური წლის შემდეგ საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის როლი და მნიშვნელობა, როდესაც რუსეთის მიერ სიტყვითა და საქმით საფრთხე ექმნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ბაზისს, რათა აზრები გაგვეცვალა საქართველოს რეფორმების მიმართულებისა და ტემპის შესახებ – ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კონტექსტში, და განგვეხილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები“, – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.
ნატოს მაღალჩინოსნის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ნატო-ს მოკავშირეებმა გაითვალისწინეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან მიმართებით, მათ შორის ბოლოს გამოწვეულ „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლირიზაციის გახანგრძლივებული გამოწვევა, რათა გააძლიეროს ქვეყნის გამძლეობა და უსაფრთხოება და ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ და და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.