ჯანდაცვის სამინისტრო: ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე სხვადასხვა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის იდენტური ფასები დააწესეს
ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს და პროგრამისთვის, იდენტური ფასები დააწესეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ფაქტით, ცხადად დასტურდება ბაზრის მოთამაშეებს შორის, ონკოლოგიური პაციენტების და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედების ფაქტი.
„წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება, აღნიშნულისთვის კი მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მსგავს შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი,უახლოეს დღეებში მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.