23 მარტი მაესტრო ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა
კახიძის მუსიკალური ცენტრი დაბადების დღეს ულოცავს მაესტრო ვახტანგ კახიძეს. მას დღეს 64 წელი შეუსრულდა.
„დაბადების დღეს ვულოცავთ მაესტრო ვახტანგ კახიძეს! დღეგრძელობასა და ულევ შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებთ“! – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვახტანგ კახიძე დაიბადა 1959 წლის 23 მარტს, თბილისში, მუსიკოსების ოჯახში.
1975 წელს დაამთავრა თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილება. 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, ხოლო 1983 წელს – ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.
როგორც კომპოზიტორი, ვახტანგ კახიძე მოღვაწეობს სხვადასხვა ჟანრში. მისი ნაწარმოებები შესრულებულია მოსკოვში, პეტერბურგში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, უნგრეთში, ფინეთში, ბრიტანეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, ისრაელში, ინდოეთში, აშშ-სა და იაპონიაში. მას ეკუთვნის მუსიკა 60-ზე მეტი დრამატული სპექტაკლისთვის და 20 კინოფილმისა და ანიმაციური ფილმისთვის. აგრეთვე, იგი მრავალი ჯაზური კომპოზიციისა და საესტრადო სიმღერის ავტორია.
1993 წლიდან მუშაობდა თბილისის სიმფონიურ ორკესტთან. საკონცერტო გამოსვლების გარდა, მან ჩაწერა 25 ლაზერული დისკი „Sony Classical” და სხვა უცხოური ხმის ჩამწერი კომპანიებისთვის.
2002 წელს იგი გახდა თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ წლების განმავლობაში მან თბილისის სიმფონიურთან იდირიჟორა 500-ზე მეტი კონცერტი როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: რუსეთსა და იტალიაში (2004), სომხეთში (2009), ისრაელში (2016), გერმანიაში (2007/2018)…
2002 წლიდან იგი ხელმძღვანელობს ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი“, რომელიც მასპინძლობს ცნობილ მუსიკოსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
2015 წელს მან დააარსა „ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.
ვახტანგ კახიძემ მიიღო ჯილდოები:
2010 და 2021 წ.წ. – შოთა რუსთაველის სახელობის პრემია;
2013 წელს – ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი;
2015 წელს – საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემია;
2018 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე