კახა ბექაური: შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ „მთავარი არხი” გარკვეული თვალსაზრისით სპეციალურად არღვევდა კანონს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, პარლამენტში ComCom-ის 2021 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, „მთავარი არხის” სანქცირებასთან დაკავშირებით დეპუტატის კითხვას უპასუხა.

კახა ბექაურის განცხადებით, 2019-2020 წლებში, ტელეკომპანია „მთავარი არხი” არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების გამო, ხუთჯერ დაჯარიმდა. თავმჯდომარემ განმარტა, რომ პირველი დარღვევისას, კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ” კანონით გათვალისწინებული გაფრთხილებით შემოიფარგლა, რის შემდეგაც, 1 წლის განმავლობაში, მაუწყებელმა კანონი მეორედ დაარღვია. ამის შემდეგ, ComCom-მა „მთავარს” მინიმალური ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

„პირველ ორ შემთხვევაზე „მთავარს” კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება სანქცირების შესახებ, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ეს ნიშნავს, რომ მან სანქცია დამსახურებულად მიიჩნია,” – განაცხადა კახა ბექაურმა და დაამატა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში, მაუწყებელმა კიდევ სამჯერ განათავსა პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში, რასაც ComCom-ის მხრიდან შესაბამისი ზომები, კერძოდ კი, კანონით გათვალისწინებული შემდგომი ჯარიმის ოდენობების დაკისრება მოჰყვა, რაც „მთავარმა არხმა” სასამართლოში გაასაჩივრა.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ დარღვევა, გარკვეული თვალსაზრისით, ჰგავდა სპეციალურ დარღვევას, რათა კომუნიკაციების კომისიას ჰქონოდა რეაგირება და სწორედ ეს გამხდარიყო სპეკულაციების საფუძველი,” – განაცხადა თავმჯდომარემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები გამჭვირვალეა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ზემოაღნიშნული პროცესის დეტალურ მიმდინარეობას გაეცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები