მარკ რუტე: უკრაინის დახმარება ნატოს მომავალი სამიტის მთავარი პრიორიტეტი იქნება
ნატოს სამიტის დღის წესრიგში, რომელიც სამ კვირაში ჰააგაში გაიმართება, ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება იქნება, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ვილნიუსში B9-ისა და სკანდინავიური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინა, რომელიც ჰააგაში სამიტის მთავარი პრიორიტეტია. ძვირფასო ზელენსკი, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ვიცით, რომ ძლიერი და სუვერენული უკრაინა აუცილებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“, – თქვა რუტემ უკრაინის პრეზიდენტისადმი მიმართვისას.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი ამჟამად ათწლეულების განმავლობაში უდიდესი საფრთხისა და ძალადობის წინაშე დგას.
„რუსეთის აგრესიული ომი გრძელდება, ტერორისტული საფრთხეები კვლავ არსებობს. ჩვენ არ ვართ ომში, მაგრამ არც მშვიდობიან მდგომარეობაში ვართ. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება. ეს კი ნიშნავს სრულ საომარ მზადყოფნაზე გადასვლას, მნიშვნელოვნად მეტი ძალების უზრუნველყოფას, რომლებიც კარგად არიან გაწვრთნილები, კარგად აღჭურვილნი და მხარდაჭერილი ლოჯისტიკით და საბრძოლო მასალით. ჩვენ კვლავაც ვენდობით B9-ს და ჩვენს სკანდინავიელ მოკავშირეებს, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში“, – განაცხადა მარკ რუტემ.