„თუ სახელმწიფო გამოყოფს დამატებით სახსრებს ან რომელიმე მსხვილი ბიზნესი შეგვეშველება საუკუნის საქმეში – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“ – ეროვნული ბიბლიოთეკის რეაბილიტაცია გრძელდება

„ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც უკვე ათწლეულებია დაკეტილია, ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია. ამგვარ სამუშაოები საკუთარ თანამიმდევრობას გულისხმობს: პირველი იყო შენობის გამაგრებითი სამუშაოები, რომელმაც, სახელმწიფოს დახმარებით, რამდენიმე წელი მოიცვა, შემდეგ ამას მოსდევს რეაბილიტაციის პროექტის მომზადება – ესეც მზად გვაქვს.
გამაგრების შემდეგ, ამავე სივრცეში, სახელმწიფოს, კერძო ბიზნესების და საელჩოების დახმარებით – სამი უმნიშვნელოვანესი სივრცე მოეწყო და ერთზე მუშაობა დავიწყეთ – წიგნის მუზეუმი, ჰრინევსკის ხელოვნების დარბაზი, ე.წ. იშხნის კომპლექსი – სადაც არაერთი განყოფილება იყრის თავს და ამ წელს დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება.
წლეულს ვიწყებთ პირველი და მეორე კორპუსის ელგაყვანილობისა და კლიმატ-კონტროლის მოწყობას, რომელიც უმასშტაბურესი სამუშაოა. ამის შემდეგ იგეგმება იმ ორი ლეგენდარული დარბაზის გახსნა. პროცესი რთულია – ერთი მხრივ, უნდა შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ავთენტიკურობა, მეორე მხრივ – სივრცე უნდა იყოს თანამედროვე და თანაც ადაპტირებული. ამ მიმართულებით უკვე არაერთი კვალიფიციური სპეციალისტი მუშაობს.
ჩვენი ბიუჯეტი დიდი არ არის, რომ სინქრონულად ყველა სამუშაოს ეყოს. თუ სახელმწიფო გამოყოფს დამატებით სახსრებს ან რომელიმე მსხვილი ბიზნესი შეგვეშველება ამ საუკუნის საქმეში – ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და პოლონეთის პირველი ლედი, აგატა კორნჰაუსერ-დუდა ათვალიერებენ ჰენრიკ ჰრინევსკის რეაბილიტირებულ დარბაზს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები