მამუკა მდინარაძე – პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ჩხუბი იყო, რომ გითხრათ ახლა – სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-თქო, მოგატყუებთ
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„ჩხუბი იყო. რომ გითხრათ ახლა, სპორტზე კამათობდნენ და შეჰყვნენ მერე ერთმანეთს და იჩხუბეს-თქო, მოგატყუებთ. იყო ინციდენტი, უსიამოვნო. არ არის კარგი ამბავი. გაუადვილდათ ჩვენს პატივცემულ ოპონენტებს რაღაცების ლაპარაკი. ისე გეტყვიან, ისე მიაყენებენ უმძიმეს შეურაცხყოფას, რაც განსაკუთრებით ქართველი ადამიანისთვის, განსაკუთრებით კაცისთვის არის ძალიან მძიმე ასატანი, მოსათმენი. თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ როგორ, თმენის ვალდებულება არ გაქვთ? – რა თქმა უნდა, დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება ერთმანეთის გამონათქვამების მიმართ თუნდაც. მაგრამ ეს თმენის ვალდებულება ცალმხრივი ხომ არ არის?! ისეთ სიბინძურეს კადრულობენ ხოლმე, რაც შეიძლება, ჩვეულებრივ შემთხვევაში აბსოლუტურად სხვა შედეგებით დასრულდეს. შეუძლებელია იმის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები რიგ შემთხვევაში კადრულობენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, როგორც ამ შემთხვევაში, რომ ასეთი ინციდენტები თავიდან ავიშოროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.