„ზღურბლს მიღმა“ – გიორგი კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

23 მარტს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ გიორგი კუხალაშვილის პერსონალური გამოფენა – „ზღურბლს მიღმა“ გაიხსნება.
„ქართველი ფერმწერი გიორგი კუხალაშვილი (დაბ. 1982 წ.) 2002-2007 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრის შემოქმედების ადრეულ ეტაპზევე თვალსაჩინო იყო ინტერესი რელიგიური, ალეგორიული და მისტიკური თემებისადმი. XXI საუკუნის ადამიანს სურს ჩასწვდეს თავის სულიერ წარმომავლობას, მხოლოდ ინტელექტუალიზმით კი ეს შეუძლებელია. ხელოვნება საფეხურია, რომელიც სპირიტულ სამყაროში შეგვიძღვება.
გამოფენა „ზღურბლს მიღმა“ მატერიალურ და სულიერ სამყაროთა ავტორისეული მხატვრული ინტერპრეტაციაა. ძირითადი ლაიტმოტივი, რომელიც ექსპოზიციას გასდევს, ზღურბლს მიღმა არსებულზე გვესაუბრება. სულიერების ძიების მხატვრისეული გამოცდილება, წარმოდგენილი ფერწერული ტილოებით, მისი ერთგვარი მედიტაციაა, თავად შეიცნოს ზღურბლს მიღმა არსებული და დამთვალიერებელიც ამოგზაუროს ამ სამყაროში.
გიორგი კუხალაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს, ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და აშშ-ის კერძო კოლექციებში. მხატვრის შემოქმედების გაცნობა შესაძლებელია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში“, – ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 8 აპრილის ჩათვლით გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები