ჯემალ კუხალაშვილის პერსონალური რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება

23 მარტს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ  გალერეაში მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის პერსონალური რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჯემალ კუხალაშვილი დაიბადა 1952 წელს. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1980-იან წლებში დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა.
მისი შემოქმედება განსაკუთრებული პერსონალურობით გამოირჩევა. ხატავს ყოველდღიურობას, თავისი მრავალფეროვნებითა და მრავალწახნაგოვნებით. სამყაროს მხატვრისეული აღქმა ისეთი ინტენსიური და მძაფრია, თითქოს ტილო ვერც იტევს მის სათქმელს.
ჯემალ კუხალაშვილის სამყაროს მოდელში „დიდი აურზაური და ქაოსია“…აქ თავს იჩენს მხატვრის საოცარი ნიჭი, ფლობა გამომსახველობითი ხერხების, ნახატისა თუ ფერადოვანი კომპოზიციისა, რაც ნამუშევრებში მხატვრულ წესრიგს განაპირობებს, წესრიგს, რომელსაც წესები არ აქვს და რომელიც ირაციონალური შემოქმედებითი პროცესის შედეგია.
„ჩემთვის სურათი მკაფიოა და ფილოსოფიურ დატვირთვას არ ემსახურება. მე ისე ვხატავ, როგორც გარე სამყარო მკარნახობს. ვიცი, ჩემს სეანსს მაყურებელი შეუერთდება და როგორც დაამცირებს, ისევე აღიარებს… არასდროს ვიცი, ბოლო შედეგით, ნოეს კიდობნისა არ იყოს, სად გამრიყავს გადარჩენისა და დამკვიდრების გაუნელებელი სურვილი“, – წერს საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ჯემალ კუხალაშვილი.
გამოფენა 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები