“დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, არ არის გადამდები, ბავშვი დაუნის სინდრომით შეიძლება, ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს”

დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, არ არის გადამდები, ბავშვი დაუნის სინდრომით შეიძლება, ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით არ ჰგვანან, ყველა თავის მშობელს და დედმამიშვილს ჰგავს. მათ განვითარება, ფუნქციონირება, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება ჩვეულებრივად შეუძლიათ“, – ამის შესახებ ორგანიზაცია “მზის შვილების” დამფუძნებელმა, ინგა ლოლაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინგა ლოლაძემ, პიარ – მარკეტოლოგმა, ანა ჩანგიანმა და “ბაზარი ორბელიანზე- ს” გენერალურმა დირექტორმა, ვერი ტაბიძემ ისაუბრეს.

“21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ორგანიზაციებთან ერთად ეს დღე უკვე მეთორმეტედ აღინიშნება.  “მზის შვილები”  ამ დღეს შეუერთდა და მეათედ აღვნიშნავთ.  “დაუნის სინდრომის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ ყოველწლიურად  გზავნილი ვრცელდება, რომლის გარშემოც   სხვადასხვა ქვეყანა  და ორგანიზაცია აქტივობებს ვგეგმავთ. წელს  გზავნილია “ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“. “მზის შვილები” ამ დღეს  მაქსიმალურად, სხვადასხვა ღონისძიებით ვუერთდებით.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 770 ახალშობილში 1 დაუნის სინდრომით იბადება. სამწუხაროდ, საქართველოში ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, ბევრი ვართ.

საზოგადოების მხრიდან მიმღებლობას, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა, საზოგადოებამ დიდი ყურადღება მიაქციოს შემდეგს: დაუნის სინდრომი არ არის დაავადება, არ არის გადამდები, ბავშვი დაუნის სინდრომით შეიძლება, ნებისმიერ ოჯახში დაიბადოს, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით არ ჰგვანან, ყველა თავის მშობელს და დედმამიშვილს ჰგავს. მათ განვითარება, ფუნქციონირება, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება ჩვეულებრივად შეუძლიათ. ხვალ “ბაზარში ორბელიანზე” ფოტოგამოფენა გვექნება. ეს გამოფენა დღეს თბილისის მერიაში გაიხსნა. ძალიან საინტერესოა და ესაა დასტური იმისა, რომ ტიპური განვითარების მქონე პირებისგან არაფრით განვსხვავდებით. მხარდაჭერისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თბილისის მერიას, “ბაზარს ორბელიანზე” , ასევე, სამშენებლო კომპანია “ანაგს”, რომელიც ჩვენი გენერალური სპონსორია”, – განაცხადა ლოლაძემ.

ანა ჩანგიანის თქმით, კამპანიის მიზანია, საზოგადოებაში ცნობიერება გაიზარდოს, რათა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საჭიროებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდეს.

ჩემთვის, როგორც მედიაჰოლდინგ “კვირას” მარკეტინგის ხელმძღვანელისთვის, კონსალტინგის და ბრენდინგის კომპანია “ქოლგას” დამფუძნებლისთვის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეს დღე და მსგავსი კამპანიები ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ქალბატონ ინგას იმისთვის, რომ მოგვმართეს თხოვნით, აღნიშნულ ღონისძიებაში ჩავრთულიყავით, ასევე, ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მხარდაჭერა გამოიჩინა და გვერდში დაგვიდგა, რათა წლევანდელი აქცია კამპანიის სახით ყოფილიყო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მე არ მინდა, მხოლოდ და მხოლოდ 21 მარტი იყოს შემახსენებლი იმისა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები არსებობენ, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს დახმარებას, თანადგომას და მხარდაჭერას საჭიროებენ. ამ კონკრეტული კამპანიის შემთხვევაში, ჩვენი მიზანი სწორედ ესაა, რომ საზოგადოებაში ცნობიერება გავზარდოთ, რათა ამ ადამიანების საჭიროებების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული. ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან ერთად თანაცხოვრების მიმღებლობაა. ჩვენ, ყველა ერთნაირები ვართ. ჩვენი საზოგადოება რატომღაც მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან ერთად თანაცხოვრობდეს. თანაცხოვრება არის ის, როდესაც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, როდესაც ჩემი შვილები მათთან ერთად სკოლაში დადიან, თამაშობენ. მედიაჰოლდინგ “კვირასთან” ერთად საინფორმაციო კამპანია სწორედ ამიტომ დაიგეგმა. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ბიზნესსექტორისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო, რადგან დაუნის სინდრომის მქონე პირებს შორის ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, სრულფასოვნად იმუშაოს. სწორედ აქედან გამომდინარე გვინდა, ეს კამპანია გამოყენებული იქნეს იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა მაქსიმალურად შევძლოთ, მათთან ერთად ვიცხოვროთ”, – განაცხადა ჩანგიანმა.

ვერი ტაბიძის თქმით, “ბაზარი ორბელიანზე-ს ” სივრცეში კამპანიის ფარგლებში ფოტოგამოფენა მოეწყობა.

“წელს “ბაზარი ორბელიანზე” დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. 21 მარტს ჩვენს სივრცეში ფოტოგამოფენა მოეწყობა, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების პორტრეტები იქნება წარმოდგენილი. შევუერთდით კამპანიას, რომელიც იმას ითვალისწინებს, რომ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ინტეგრაცია მოხდეს. ვფიქრობ, კერძო სექტორს ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ერთად შეგვიძლია, ამ ადამიანების ჩართულობა გავზარდოთ, მჯერა, რომ, შესაბამისი მხარდაჭერის და პირობების შექმნის შემთხვევაში, მათ საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა შეუძლიათ.
ვფიქრობ, ამ პროცესში საკუთარი ძალა თითოეულ ჩვენგანს აქვს. ეს გარკვეულწილად ჩვენი მოქალაქეობრივი ვალიცაა”, – განაცხადა ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები