კულტურის სამინისტრო ნინო ანანიაშვილს იუბილეს ულოცავს

კულტურის სამინისტრო სახელოვან პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილს, იუბილეს ულოცავს.  ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.
„ნინო ანანიაშვილმა საბალეტო ხელოვნების შესწავლა ათი წლის ასაკში თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში დაიწყო, თამარა ვიხოდცევას კლასში, 1977 წელს კი სწავლა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ცნობილ პედაგოგთან, ნატალია ზოლოტოვასთან, გააგრძელა.
1981-2004 წლებში იგი მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა-ბალერინა იყო. ამ თეატრის გამოჩენილი ბალერინას, რაისა სტრუჩკოვას, ხელმძღვანელობით მოამზადა და იცეკვა კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის ყველა პარტია.
დიდ თეატრში პირველივე სეზონში ნინო ანანიაშვილმა წარმატებით შეასრულა ოდეტა–ოდილიას პარტია („გედების ტბა“) გერმანიაში, ჰამბურგში, დიდი თეატრის გასტროლის დროს. ნინო ანანიაშვილი ოთხი უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს: ვარნის (ბულგარეთი) X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედლის (1980), მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1981), მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედლისა (1985) და ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1986) მფლობელია.
მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბალანჩინის თეატრში – „ნიუ იორკ სიტი ბალეში” ანდრის ლიეპასთან ერთად გამოსვლას 1988 წელს. ის იყო პირველი მოცეკვავე ყოფილი სსრკ-იდან, რომელიც მიიწვიეს ამ თეატრში და იცეკვა მთავარი პარტიები ბალანჩინის ბალეტებში „სიმფონია დო მაჟორი“, „რაიმონდა ვარიაციები“ და „აპოლო“. იგი ასევე ცეკვავდა ინგლისის ბალეტის სამეფო თეატრში (კოვენ-გარდენი), დანიის სამეფო თეატრში, სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში. 1993-2009 წლებში ნინო ანანიაშვილი ამერიკის ბალეტის თეატრის (ABT) მიწვეული პრიმა-ბალერინა იყო. ცეკვავდა შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტე-კარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოსა და სხვა თეატრებში.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია. ამავე დროს, იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელსაც ხელმძღვანელობს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ოთხმოცზე მეტი საბალეტო სპექტაკლი და მინიატიურა დაიდგა. თეატრის რეპერტუარშია როგორც კლასიკური ბალეტების ახალი რედაქციები, ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ ეშტონის, ავგუსტ ბურნონვილის, ირჟი კილიანის დადგმები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უელში, იორმა ელო და სხვები. საბალეტო დასმა დიდი წარმატება მოიპოვა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (2007, 2008 და 2010 წლებში), იაპონიაში (2007, 2010, 2012), ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში, ესტონეთში, ტაივანში, ეკვადორში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ბელარუსში. 2008 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. 2012 წელს თბილისში მსოფლიოს ბალეტის ვარსკვლავების მონაწილეობით აღინიშნა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე.
ნინო ანანიაშვილს არაერთი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ჟიურის წევრად და დამდგმელ ქორეოგრაფად იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში. ალექსეი ფადეეჩევთან ერთად მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგა რამდენიმე სპექტაკლი: ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“, ა. გლაზუნოვის „რაიმონდას“ მესამე მოქმედება და ფ. ჰეროლდისა და პ. ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“. მასვე ეკუთვნის თეატრში დ. თორაძის ბალეტის, „გორდას“, ახალი რედაქციის დადგმა (ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფია). 2012-2016 წლებში ნინო ანანიაშვილმა პეკინის ცეკვის აკადემიაში დადგა პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნას“ სიუიტა, „შოპენიანა“, „ბაიადერა“ („აჩრდილების“ სცენა), ხოლო ლისაბონის საბალეტო სკოლაში – ლ. მინკუსის „დონ კიხოტის“ სიუიტა. 2014 წელს მინსკის დიდი თეატრის სცენაზე დადგა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“. 2022 წელს მისი ხელმძღვანელობით აღდგა ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტი “ოტელო”.
ნინო ანანიაშვილი საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (1995), ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1993) და საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენის კავალერია (2010). დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი “სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ (2001). ნინო ანანიაშვილი არის პირველი ბალერინა, რომელსაც ხელოვნებაში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი” გადაეცა (1992). ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება მიანიჭა (1997). 1999 წელს გადაეცა საფრანგეთის სამეფო შტოს მემკვიდრის – პრინცესა მარია დე ბურბონის დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი”. არის ჟურნალ Dance Magazine-ის პრიზის მფლობელი (2002). ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში აირჩიეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად (2007). იტალიის პრეზიდენტმა პრიმა-ბალერინა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით (2011). 2017 წელს ნინო ანანიაშვილი დაჯილდოვდა იაპონიის იმპერატორის ჯილდოთი – ლენტით დამშვენებული „ამომავალი მზისა და ოქროს სხივების“ ორდენით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები