ხელვაჩაურში 100-მდე ადგილობრივი ComCom-მა ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყლიდან, მაღლაკონიდან, კაპნისთავიდან, კირნათიდან, მარადიდიდან და ზედა ჯოჭოდან 100-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხელვაჩაურში პროგრამა 13 თებერვლიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 300-მდე ბენეფიციარი ჰყავს.
„მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.