ეროვნული გალერეა მიშა შენგელიას პერსონალურ გამოფენას 14 აპრილამდე უმასპინძლებს

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მხატვარ მიშა შენგელიას (1959-2020) პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
გახსნის ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. 2022 წელს მხატვრის ნამუშევრები, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისთვის შეიძინეს, ხოლო კოლექციონერებმა ლენა და დერეკ მიულერებმა მუზეუმს ორი ნამუშევარი უსასყიდლოდ გადასცეს.
„მიშა შენგელიას პერსონალური გამოფენა საქართველოს ეროვნულ გალერეაში პირველად იმართება. ექსპოზიცია ხელოვანის შემოქმედების 30-წლიან (1989-2019) პერიოდს მოიცავს.
გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის ნამუშევრები დავით მუშკუდიანის კოლექციიდან. მიშა შენგელია და დავით მუშკუდიანი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. მათი თანამშრომლობის შედეგია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები: „მასმედიის ერთი დღე 1495-ში“ და „პროლეტარიატის დიქტატურის სკოლა“. მიშა შენგელიას მხატვრული სამყარო უცნაური და გამორჩეულია.
აქ შეხვდებით ჩრდილოეთის რენესანსისათვის დამახასიათებელ სახალხო სეირნობებს, ჯადოქრებსა და ალქიმიკოსებს, რუხ კარდინალებს, პაციფისტ გენერლებს, მაფიოზებსა და დიქტატორებს. ხშირად ისინი მსოფლიოს მხატვრობის შედევრების პერსონაჟთა (მაგ.,კვენტინ მეტსისის „უშნო დიდგვაროვანი“ ან პიერო დელა ფრანჩესკას „ფედერიკო და მონტეფელტრო“) სტილიზებული გამოსახულებებია. ეს ტრაგიკომიკური გმირები მოწმობენ, რომ ავტორი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორით ეხმიანება მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს. მიშა შენგელია 1959 წელს დაიბადა თბილისში. მას აკადემიური სამხატვრო განათლება არ მიუღია (პროფესიით გეოლოგი იყო), მაგრამ ადრეული ასაკიდან ხატავდა. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1995 წელს გაიმართა „ბაია გალერეაში“ (მაშინდელი გალერეა „ორიენტი“). მას შემდეგ მან არაერთი გამოფენა გამართა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
2014 წელს გალერეაში „შარდენი“ პირველად გამოიფინა დავით მუშკუდიანის კოლექციაში დაცული მიშა შენგელიას ნამუშევრები. მიშა შენგელიას, როგორც მხატვრის, ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსიკო ოატის კაფე „ნიუ არტის“ თავისუფალმა შემოქმედებითმა გარემომ. ის აქტიურად მონაწილეობდა „ნიუ არტის“ ცხოვრებაში და თავადაც მოაწყო იქ არაერთი გამოფენა თუ პერფორმანსი. „ნიუ არტს“ თავის დროზე მრავალი ხელოვანი და ინტელექტუალი სტუმრობდა. მიშა შენგელიას ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, დანიაში, ისრაელში, აშშ-ში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მიშა შენგელიას პერსონალურ გამოფენას 14 აპრილამდე უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები