„კალამსგაყოლილები“ – მაია კახიძის ახალი კრებულის წარდგენა გაიმართება
20 მარტს, 18:00 საათზე, თავისუფალ თეატრში ჟურნალისტის და მსახიობის, მაია კახიძის ახალი წიგნის – „კალამსგაყოლილების“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ თავად ავტორმა აცნობა, კრებული, რომელიც მშობლების ხსოვნას ეძღვნება, ავტობიოგრაფიულია და აერთიანებს დოკუმენტურ პროზას – სტატუსებს, მოგონებებს, ფაქტებს. მისივე თქმით, წიგნში დაბეჭდილია სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ამბები, დიდი ადგილი უკავიათ ექიმებს, რომელთა მიმართაც მადლიერებას გამოხატავს.
„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ექიმებიც მოგეხსენებათ, განებივრებულები არ არიან. ეს წიგნი ნამდვილ ამბებზეა, ანუ პატარა ნოველები – დიდ სიყვარულზე“, – ამბობს მაია კახიძე.
წინასიტყვაობის ავტორია რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი, რედაქტორი – მარინა თექთუმანიძე.ხსენებული კრებული მაია კახიძის მე-12 კრებულია. მანამდე მან გამოსცა 6 პროზაული და 6 პოეტური კრებული.