პაპუაშვილი: ცინიზმია ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს, რაც შეეძლოთ – გაეფუჭებინათ, აფუჭებდნენ და ახლა 12 პუნქტთან დაკავშირებით აქციას ნიშნავენ
ცინიზმია, ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა თავის დროზე, დამსახურებული კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგვეღო ივნისში და მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები გადმოგვეცა, მის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ულტიმატუმს გამოეხმაურა, რომელიც მან ხელისუფლებას 12 რეკომენდაციის შესასრულებლად წაუყენა.
„ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს. სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, არც კენჭისყრებში, ყველაფერს, რაც შეეძლოთ გაეფუჭებინათ, აფუჭებდნენ. დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ. ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ, თუ აქციას 12 პუნქტთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ევროკომისიის იანვრის შეფასებით, დადასტურდა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს გარკვეულწილად ცინიზმია ალბათ, რომ ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა თავის დროზე დამსახურებული კანდიდატის სტატუსი რომ არ მიგვეღო ივნისში, და მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები გადმოგვეცა, მის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაიშალოს ამ პუნქტების შესრულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.