“უკრაინა ოკუპანტებს არცერთი ადამიანის დანგრეულ ცხოვრებას არ აპატიებს” – ზელენსკი მარიუპოლის თეატრის დაბომბვის წლისთავზე

რუსი ოკუპანტების მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვის წლისთავზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ქვეყანა მომხდარზე ტერორისტული სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.

ამის შესახებ მან ​Telegram-ში დაწერა.

„ერთი წლის წინ რუსეთმა მარიუპოლის ცენტრში დრამატულ თეატრზე მიზანმიმართულად და სასტიკად ჩამოაგდო სუპერძლიერი ბომბი. შენობასთან იყო წარწერა „ბავშვები“, რომლის დაუნახაობა შეუძლებელი იყო. იქ ასობით ადამიანი იმალებოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილის გამო, ტერორისრულმა სახელმწიფომ პასუხი აგოს”, – თქვა მან.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ოკუპანტებს არცერთი ადამიანის დანგრეულ ცხოვრებას არ აპატიებს და ახსოვს ყველა, ვისაც სიცოცხლე რუსულმა ტერორმა წაართვა.

ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი 2022 წლის 16 მარტს დაბომბეს. მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, მომხდარს 300-მდე მოქალაქე შეეწირა.

სხვა წყაროების თქმით, თეატრსა და ახლოს მდებარე შენობებში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 600-დან 1,2-მდე მერყეობდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები