ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაგეგმილი კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, ასახავს ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში მოქმედ მსგავს კანონებს. შეერთებულ შტატებში, უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი 1938 წლიდან ავალდებულებს ლობისტებს, რომლებიც მუშაობენ უცხოური მთავრობების სახელით, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში.
ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, კანონი აიძულებს როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ, მაგალითად, როგორიცაა აკადემიური სწავლის გადასახადი.
„აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისგან ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ეტაპზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიღებთ“, – განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა.