გასულ წელს პირველად ქვეყანაში, ერთი წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, – განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ტენდენციების შესახებ.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საქსტატის მიერ დაზუსტებულ იქნა ინფორმაცია გასული წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით – სამი კვარტლის შედეგების მიხედვით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ 600 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციები იყო განხორციელებული, თუმცა მეოთხე კვარტლის მონაცემებთან ერთად მათმა ოდენობამ გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
ამასთან, როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, მათ შორის მეოთხე კვარტალში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იყო – მათზე მოდის შემოსული ინვესტიციების თითქმის ნახევარი. უფრო კონკრეტულად: 2-ჯერ მეტად (142.5%-ით) არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 859.6 მლნ. აშშ. დოლარს ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43%-ს შეადგენს. თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული დიდი ბრიტანეთიდან (428.3 მლნ. აშშ. დოლარი), ამას მოჰყვება აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები.
„საინვესტიციო სექტორებიც ძალიან დივერსიფიცირებულია – გარდა იმისა, რომ ჩვენ ტრადიციულად ენერგეტიკაში გასულ წელს საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა და მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც ასევე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით – ეს არის როგორც უძრავი ქონება, მშენებლობა, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დასაწყობების მიმართულებით იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ინვესტიციების ისე განაწილდა, როგორიც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა იყო“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (526.4 მლნ. აშშ. დოლარი) მე-2 ადგილზე უძრავი ქონების სექტორია (406.9 მლნ. აშშ. დოლარი). გარდა ამისა, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.