ფინეთის პრემიერი: ჩვენ გვსურს, რომ უკრაინა ნატოს შეუერთდეს, როგორც ერთ-ერთი მოკავშირე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევში ვიზიტით მყოფ ფინეთის პრემიერ-მინისტრს, სანა მარინს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთი უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

სანა მარინის თქმით, ფინეთი შეუერთდა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც მიზნად ისახავენ უზრუნველყონ რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე და მხარს უჭერენ ჰააგაში საერთაშორისო ცენტრის შექმნას აგრესიის დანაშაულების დევნისა და გასამართლების მიზნით.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას და გვინდა, რომ ეს გეგმა ამოქმედდეს. მხოლოდ გრძელვადიან მშვიდობას შეუძლია ევროპული ქვეყნების ჩვენს ოჯახს, ევროატლანტიკურ ოჯახს სიმშვიდე და კეთილდღეობა მისცეს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა შეუერთდეს ნატოს, როგორც ერთ-ერთი მოკავშირე“, – აღნიშნა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ფინეთი ასევე მხარს უჭერს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რათა მან შეძლოს ევროინტეგრაციისკენ სვლა და მზად არის გაუწიოს ყველა საჭირო დახმარება.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს პირადად შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის კიევში. თქვენ ხართ სიმამაცის და ევროპის უკეთესი მომავლის პერსპექტივის სიმბოლო“, – განაცხადა ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები